აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება, რომელიც მოიცავს განმეორებითი თამაშის ჩვევას, მაშინაც კი, როდესაც თამაში იწვევს სტრესს, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და ფინანსურ პრობლემებს.
ლუდომანია ქცევითი დარღვევაა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შედის. ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, დამოკიდებულება ფსიქოლოგიურია და არა ქიმიური ნივთიერებისაგან გამოწვეული, თუმცა ეფექტი ისეთივე აქვს, როგორიც ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე მიჯაჭვულობას.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი ხშირად მალავს ამას. ის ხშირად ატყუებს ოჯახს და მეგობრებს. ნაწილი ლუდომანებისა აზარტულ თამაშებში ეძებს აღფრთოვანებას, ადრენალინს, სხვა ნაწილისთვის კი თამაში რეალობისაგან გაქცევის საშუალებაა.
აზარტული თამაშის სხვადასხვა სახეობა არსებობს: ლატარია, სლოტმანქანები, ბინგო, კაზინო, ტოტალიზატორი, კარტი, სპეკულაციურ ფონდებში რისკიანი ინვესტირება, სხვა ნებისმიერი სპორტული აქტივობა, რომელსაც მოგებაზე ფულის ჩადება ახლავს.