ნაბიჯი 1:ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე
დღის რეჟიმი გვეხმარება დროის უკეთ გამოყენებაში, გაწერილი რეჟიმის დახმარებით დღის განმავლობაში უფრო მეტი რამის გაკეთებას ვახერხებთ.
ამასთან, როდესაც ორგანიზმს ვაჩვევთ ერთსა და იმავე დროს ფიზიკურ, გონებრივ მუშაობას და ძილს, ამ დროს ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ სტრესს განიცდის და ნებისმიერი აქტივობა უფრო ეფექტიანად გამოგვდის. ვარჯიშისას უკეთესი შედეგი გვაქვს. მეცადინეობისას გააზრებას და ათვისებას უფრო მარტივად ვახერხებთ, რადგან ჩვენი ორგანიზმი უკვე მიჩვეულია დღის გარკვეულ მონაკვეთში ამ აქტივობას და ნაკლებად იტვირთება.
დღის რეჟიმი ხელს უწყობს მოზარდის სწორ განვითარებას, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ნებისყოფის განვითარებას. დღის რეჟიმს ადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკობრივი, ფიზიოლოგიური და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ის განსაზღვრავს სხვადასხვა საქმიანობის, ძილის, დასვენების ხანგრძლივობასა და კვების რეჟიმს.