პოლიციის ეთიკის ნორმები
გაეცანით შემთხვევებს და უპასუხეთ კითხვებს
შემთხვევა 1
პოლიციის თანამშრომელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა მოქალაქე, რის შემდეგაც სამსახურებრივი ჩაცმულობითა და სახეზე მზის სათვალით მივიდა მასთან. საუბრისას მოქალაქემ თხოვნით მიმართა პოლიციელს, მოეხსნა სათვალე, რადგან საუბრის დროს ვერ ხედავდა მის თვალებს და დასძინა, რომ აღნიშნული უზრდელობის ნიშანია. პასუხად პოლიციელმა მოქალაქეს მიუგო, რომ ეს მისი შეურაცხყოფა იყო და, თუ კიდევ ერთხელ გაიმეორებდა, შესაბამის ზომებს მიმართავდა. მოქალაქემ აღნიშნული ფაქტი სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურში გაასაჩივრა. თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნული უმნიშვნელო დარღვევად ჩაითვალა, რეაგირება არ მოჰყოლია.
შემთხვევა 2
ერთ-ერთ საზოგადოებრივ პარკში პოლიციის თანამშრომელმა, პატრულ-ინსპექტორმა, სამართალდარღვევის ფაქტზე, კერძოდ, წვრილმან ხულიგნობაზე, დააკავა მოქალაქე. ნასვამმა სამართალდამრღვევმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და იქვე მყოფ საზოგადოების წევრებს. პატრულ-ინსპექტორის მოწოდებამ, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, უფრო მეტი აგრესია გამოიწვია და მოქალაქემ ამჯერად უშვერი სიტყვებით მოიხსენია სამართალდამცავის ოჯახი. აღნიშნული შეურაცხყოფის მოსმენით განაწყენებულმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ ასეთი ,,ნაძირლები“ სამაგალითოდ, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რათა შემდგომში არ განმეორდეს მსგავსი ქმედება (საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა მსგავსი მიდგომა).
წყარო: http://www.csb.gov.ge/media/1471/ethics-manual.pdf
- რომელ შემთხვევაში მიგაჩნიათ, რომ დაირღვა ეთიკის ნორმები პოლიციელის მხრიდან? რატომ ფიქრობთ ასე?
- გაეცანით საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მესამე თავს და მოიძიეთ მუხლები, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევებს მიესადაგება.
- როგორ ფიქრობთ, რისთვის არსებობს პროფესიული ეთიკის ნორმები და რა დანიშნულება აქვთ მათ?
