პოლიციელი და მოქალაქე
დღესდღეობით საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვს პოლიციას მოქალაქის წინაშე და რა წესები უნდა დაიცვას მოქალაქემ პოლიციასთან ურთიერთობისას. ვიზუალური წარმოდგენა ინფორმაციის გავრცელებისა და დამუშავების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. შეარჩიეთ მეწყვილე და ფორუმთეატრის ფორმით წარუდგინეთ კლასს პოლიციასა და მოქალაქის ურთიერთობის ამსახველი მცირე წარმოდგენები. შემდეგ თანაკლასელებთან ერთად იმსჯელეთ წარმოდგენების შესახებ.
წარმოდგენაში წარმოაჩინეთ:
- პოლიციის ვალდებულებები (დაცული ან დარღვეული სახით) მოქალაქის მიმართ;
- მოქალაქის უფლება-მოვალეობები (დაცული ან დარღვეული სახით) პოლიციის მიმართ;
- მოქალაქის ან და პოლიციის რეაგირება შემთხვევის შესაბამისად.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
- პოლიციის როლისა და მოქმედების განსასაზღვრად გაეცანით პოლიციის ეთიკის კოდექსს, აარჩიეთ ორი ან სამი მუხლი და მათ შესაბამისად შექმენით ისეთი სცენა, რომელშიც პოლიციელი თავისი ქმედებით იცავს ან არღვევს აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს. მოქალაქის როლისა და სცენის განსაზღვრისას კი იხელმძღვანელეთ ბუკლეტით პოლიციასთან ურთიერთობის შესახებ. შეარჩიეთ ორი ან სამი წესი და მოქალაქის ქცევა ისე წარმოაჩინეთ, თითქოს იგი იცავს ან არღვევს აღნიშნულ წესებს;
- წინასწარ მოამზადეთ პოლიციელის სიმბოლიკა, რათა აუდიტორიამ ადვილად შეძლოს როლების ერთმანეთისაგან გარჩევა;
- წარმოდგენის დასრულების შემდეგ თანაკლასელებს სთხოვეთ, შეაფასონ თქვენი წარმოდგენა, რომელ სცენაში იყო პოლიციელისა თუ მოქალაქის ქმედება კანონსა და წესებთან შესაბამისი, რომელ სცენაში არ იყო და რატომ?
