პროტესტი და მანიფესტაცია
თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აზრთა სხვადასხვაობითა და განსხვავებული იდეოლოგიებით. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად დაპირისპირების მიზეზი ხდება. დემოკრატიული გადაწყვეტილებისა და კონსესუსის მიღების პროცესი ითვალისწინებს განსხვავებული იდეების შეპირისპირებას დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა სახის მოლაპარაკებების სახით, თუმცა ზოგჯერ უფლებების დაცვისა და იდეებისათვის ბრძოლის ერთადერთ გზად სახალხო პროტესტი და მანიფესტაცია რჩება.
არსებობს მოსაზრება, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოში უპირველესი მიზანი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა, შესაბამისად, არსებობს პრინციპები და შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინებაც ყველასთვის სავალდებულოა.
წარმოიდგინეთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხართ, შეისწავლეთ კომპლექსური დავალების ფარგლებში მოცემული წყაროები და მოამზადეთ მოხსენება თემაზე „პროტესტი და მანიფესტაცია“.
მოხსენებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- რა შემთხვევაში იღებს პროტესტი/მანიფესტაცია უკანონო ფორმებს. რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს საპროტესტო აქციის დროს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება და გამოხატვის თავისუფლება;
- კანონმდებლობით დადგენილი რომელი წესები უნდა დაიცვან პროტესტის მონაწილეებმა, რომ არ შეიზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აიცილონ რადიკალური, დამაზიანებელი შედეგები.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:
- გაეცანით კომპლექსურ დავალებაში წარმოდგენილ სტატიებს და იმსჯელეთ, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საჯარო შეკრებამ, პროტესტმა და მანიფესტაციამ რადიკალური ხასიათი. პროტესტში მონაწილეთა რა სახის ქმედებები განაპირობებს პროტესტის/მანიფესტაციის რადიკალური ფორმების მიღებას.
- გაეცანით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და იმსჯელეთ, საქართველოში ვის შეუძლია შეკრებებში, აქციებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა. რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს შეკრების უფლება სახელმწიფოს მიერ?
- გაეცანით შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონს (მე-5, მე-11, მე-13, მე-14, მე-15 მუხლები) და ჩამოაყალიბეთ ის წესები და მოთხოვნები, რომლებიც შეკრების/პროტესტის/მანიფესტაციის მონაწილეებმა უნდა დაიცვან, რათა თავიდან აირიდონ რადიკალური ფორმების მიღება და შეკრების უფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ.
- ყოველივე ზემოაღნიშნულის გაცნობისა და მსჯელობის შემდეგ დასკვნის სახით დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებაში პროტესტის/მანიფესტაციის ფორმით მოქმედებისას მიზანი ყოველთვის ამართლებს თუ არა საშუალებას.
სტატიები: