ნაფიცი მსაჯული

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. კანონის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისათვის. ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული სისტემისაგან განსხვავებით, მკვლელობაში ბრალდებული პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად, ახლა უკვე უნდა დადგინდეს ნაფიცი მსაჯულების მიერ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.
ნახეთ ფილმი - 12 განრისხებული მამაკაცი და გაეცანით სახელმძღვანელოს ნაფიც მსაჯულთა შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ მიგიწვიეს ნაფიც მსაჯულად. მოამზადეთ პატარა მოხსენება/თხზულება/პრეზენტაცია „ნაფიცი მსაჯული“.
მოხსენებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, ნაფიც მსაჯულად რომ შეირჩეს;
- ნაფიცი მსაჯულის ფუნქციები და უფლებამოსილებები;
- ღირებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიღებდით გადაწყვეტილებას, როგორც ნაფიცი მსაჯული.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
- შესაძლოა, სასკოლო პროგრამიდან უკვე გაქვთ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. დავალების შესრულების დაწყებამდე ჯობს გაეცნოთ სახელმძღვანელოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ეს დაგეხმარებათ დავალების პირველი ორი პუნქტის შესრულებაში.
- ნაფიცი მსაჯულის ღირებულებების გააზრებაში დაგეხმარებათ მხატვრული ფილმის - „12 განრისხებული მამაკაცის“ - ნახვა.
- თხზულებაში/მოხსენებაში/პრეზენტაციაში განიხილეთ შემდეგი საკითხები: ვინ მონაწილეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში; რა შემთხვევაში განიხილავს საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული; ვინ მონაწილეობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში; ნაფიც მსაჯულთა უფლება-მოვალეობები.