პროკურორი
პროკურორი ხელმძღვანელობს საგამოძიებო პროცესს. პროკურორს შეუძლია, მიანიჭოს პირს ბრალდებულის ან ეჭვმიტანილის სტატუსი. პირის ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროკურორი ამტკიცებს მის ბრალეულობას სასამართლოში.
გამომძიებელი
გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება. გამომძიებელი დამოუკიდებლად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა იგი ექვემდებარება პროკურორს და ვალდებულია, შეასრულოს მისი მითითებები.
ბრალდებული
ბრალდებულად ითვლება პირი, რომელსაც პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით ბრალდებულის სტატუსი მიენიჭა. ბრალდებულის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია, რომ არსებობდეს პირის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მისი დამნაშავეობის დამტკიცებას.
მსჯავრდებული
პირი, რომელსაც სასამართლოში დაუმტკიცდა დანაშაულის ჩადენა და სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეჭვმიტანილი
თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება.
სისხლის სამართლებრივი დევნა
ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ უფლებამოსილი პირების მიერ დანაშაულის მხილებისა და დამნაშავის დასჯის მიზნით განხორციელებული მოქმედებების ერთობლიობა.
ადვოკატი
ადამიანი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოცდის ჩაბარების შედეგად მიღებული აქვს ადვოკატის სტატუსი, შეუძლია მოქალაქეებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია, დაეხმაროს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში უფლებების დაცვაში.
მოწმე
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
განაჩენი
სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
დანაშაული
დასჯადი ქმედება, რომლის შესახებაც სისხლის სამართლის კოდექსში არის აღნიშნული.