loading

სამართლებრივი კულტურა

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

img

კომპლექსური დავალება

უფლება და მოვალეობა

ყველა ადამიანს აქვს საჭიროებები და მოთხოვნილებები. მაგალითად, კვების, სახლის, ოჯახთან ერთად ცხოვრების, სწავლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ყოფნის და სხვა; ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომელთა საშუალებითაც ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს დავიკმაყოფილებთ. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს წარმოადგენს უფლებები. უფლება შეიძლება განვმარტოთ, როგორც შესაძლებლობა, ჩვენი შეხედულებისამებრ და კანონის შესაბამისად განვახორციელოთ გარკვეული ქმედებები. მაგალითად: თუ გვაქვს  სურვილი, ვისწავლოთ, განათლების მიღების უფლება ამ სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გვაძლევს; თუ დასვენება გვჭირდება, დასვენების უფლება ამ საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გვაძლევს და სხვა. ადამიანის უფლება, ასევე, გულისხმობს სხვა ადამიანების ვალდებულებას, პატივი სცენ და არ შელახონ იგი, ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას ისეთი პირობები, რომელშიც დაცული და განხორციელებული იქნება ეს უფლება. მაგალითად, განათლების უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას საგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების - სისტემა, დაიქირაოს მასწავლებლები, მოაწესრიგოს სკოლის გარემო და აღჭურვოს იგი საჭირო ინვენტარით, რათა მოსწავლემ სრულფასოვნად შეძლოს განათლების უფლების გამოყენება.

მოვალეობა ადამიანის ვალდებულებაა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება  ან, პირიქით, თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან. მაგალითად: მოქალაქის მოვალეობაა, გადაიხადოს გადასახადები, თუმცა, ამავდროულად, მისი მოვალეობაა, არ დაანაგვიანოს გარემო.

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა