სამართლებრივი კულტურა საქართველოში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში

თქვენ შეისწავლეთ სამართლებრივი კულტურის საკითხები და დაინტერესდით, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში ამ მხრივ დაახლოებით 100-150 წლის წინ. გსურთ, რომ შეისწავლოთ იმდროინდელი მიღწევები და გამოწვევები სამართლებრივ კულტურასთან დაკავშირებით. გაეცანით 100-150 წლის წინანდელ სტატიებს ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან. შემდეგ შეადგინეთ კითხვარი და დაადგინეთ, თუ რა ინფორმაციას ფლობს თქვენი სკოლის თემი, მასწავლებელი, სამართალდამცავი და თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სხვა ადამიანი საქართველოში არსებული სამართლებრივი კულტურის შესახებ. მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც ასახავთ სამართლებრივი კულტურისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანების დამოკიდებულებას საქართველოში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში და დღეს.
პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- სამართლებრივი კულტურის თვალსაზრისით, რა ღირებულებები, ფასეულობები და მიღწევები ჰქონდათ საქართველოში დაახლოებით 100-150 წლის წინ; რომელი უფლებების დაცვისა და განმტკიცებისაკენ მიისწრაფოდნენ იმ დროში;
- რამდენად არის დღევანდელ საზოგადოებაში ცნობილი იმდროინდელი სამართლებრივი კულტურის შესახებ (თქვენი კვლევის ანგარიში);
- რა დამოკიდებულებები აქვთ დღევანდელ საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურისათვის მნიშვნელოვან იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალური იყო საქართველოში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში;
- თქვენი პირადი დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სამართლებრივი კულტურის განვითარება და ამ მიზნის მისაღწევად წარსული გამოცდილების გაცნობიერება.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:
- გაეცანით სტატიებს, რომლებიც ასახავს საქართველოში დაახლოებით 100-150 წლის წინანდელ მდგომარეობას სამართლებრივი კულტურის მხრივ. შემდეგ შეადგინეთ კითხვარი აღნიშნულ სტატიებში ასახული ინფორმაციის შესაბამისად (მაგალითად, სტატიის, რომელშიც საუბარია მოქალაქეობაზე, მიხედვით შედგენილ კითხვარში შეგიძლიათ შეიტანოთ კითხვები - რა არის მოქალაქეობა? რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეობას? თქვენი აზრით, დაახლოებით 100-150 წლის წინ მოქალაქეობის საკითხებზე თუ მსჯელობდნენ საქართველოში?.. ან, მაგალითად, თუ სტატიაში საუბარია გამწვანებაზე, იმავენაირად შეგიძლიათ ასახოთ კითხვარში - რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიის დაცვას? რამდენად ინტერესდებით ქალაქის გამწვანების საკითხებით თქვენ და, ზოგადად, საზოგადოება? თქვენი აზრით, რამდენად აწუხებდათ და ინტერესდებობდნენ გამწვანებისა და სხვა ეკოლოგიური საკითხებით საქართველოში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში?);
- გამოკითხვის შედეგების მიღების შემდეგ დაიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. თითოეულ სამართლებრივი კულტურის ამსახველ მნიშვნელოვან საკითხზე (მაგ., მოქალაქეობა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, განათლება და ა.შ.). შეადგინეთ თითო სლაიდი, რომელზეც წარმოაჩენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში საუკუნის წინ და რა სიტუაციაა დღევანდელ საზოგადოებაში;
- დასკვნის სახით წარმოადგინეთ თქვენი პოზიცია, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სამართლებრივი კულტურის განვითარება და ამ მიზნის მისაღწევად წარსული გამოცდილების გაცნობიერება; სთხოვეთ თანაკლასელებს, გაგიზიარონ თავიანთ შეხედულებები, შთაბეჭდილებები და აზრები თქვენ მიერ წარდგენილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
სტატიები:
მოქალაქეობის შესახებ 1889 წლის გაზეთი “თეატრი”
„მოქალაქეობრივობა! ნეტავი სადმე თუ მოიპოვება დღეს მისთანა ხალხი განათლებულ ქვეყნებში, რომ ამით არ სულდგმულობდეს, თუ არა აქვს, მის შეძენას არ ცდილობდეს? ჩვენ ერთი ბეჩავი ერი, ჩვენ, მისი უპოვარი. მოქალაქეობრივობის გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში არსად არ ჭაჭანებს, მით უმეტეს იმ შეგნებულთა შორის, რომელნიც ამბობენ, ჩვენმა წინაპრებმა რომი იხსნესო. აღზრდაც ამას ქვია! ესენი ჩემულობენ ჩვენი ცხოვრების თავოსნობას?! იქნება ამ ვაჟბატონებს მოქალაქეობრიობა ალაბ-სასწორის გამოდგომა ეგონოთ...“
1883 წლის სტატია ქალაქის გამწვანების შესახებ
„დღეს, ჩვენ გვინდა მკითხველისა და მეტადრე ჩვენის ადმინისტრაციის ყურადღება მივაქციოთ ერთს თუმცა მცირე საქმეს, მაგრამ ისე მცირესაც არა, რომ ლაპარაკად არ ღირდეს.
სამზღვარ გარეთ ხშირად შეხვდებით გზების აქეთ-იქით ჩარიგებულ კაკლის, ცაცხვის, ნერგის ხეებს, რომელნიც მგზავრების თვალსაც ასიამოვნებენ და ხალხისათვისაც დიდი სარგებლობა მოაქვთ, მეტადრე ჰაერის განკარგებისათვის დაუფასებელნი არიან.
განა ძნელი იქნებოდა, რომ ჩვენს მაზრის უფროსებს ეს ჩვენშიაც შემოეღოთ. გზის პირებში მდებარე მეპატრონენი ვალდებულნი გაეხადათ და ნერგები ან სხვა რამე ადვილად სახარებელი ხეები დაერგევინებინათ...“
1899 წლის “ცნობის ფურცელი” პოლიციელთა ეთიკურ ქცევაზე
„პოლიცმეისტერის თანამდებობის აღმასრულებელს მისს თანაშემწეს ბ-ნ კავალევს ამ დღეებში განკარგულება გამოუცია, რომელშიაც აფრთხილებს პოლიციის მოხელეებს, რომ ცემა-ტყეპა და მუშტი კრივის გულისთვის დაუყოვნებლივ დავითხოვო. ძლივს არ ეუწყა პოლიციელებს, რომ ხალხის ცემა სავალდებული კი არა, აღკრძალულია!“
1916 წლის სტატია მეეტლე ქალების შესახებ
„თბილისში ბლომად გაჩნდნენ მეეტლე მალაკნის ქალები. როგორც ამბობენ, ესენი რიგიანად ატარებენ ეტლებს და ზრდილობიანადაც ეპყრობიან მგზავრებს”.
1901 წლის “ივერია” ცხოველთა უფლებების შესახებ
„პირუტყვთა მფარველ ტფილისის საზოგადოებას“ განუზრახავს, მომავალს დეკემბერში მენდლები და ქების ფურცლები დაურიგოს ჯილდოებად კავკასიის სხვა და სხვა ქალაქების პოლიციაში იმ მოსამსახურეებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით საზოგადოების წინაშე, ესე იგი, მიუჩვევიათ ხალხი, რომ პირუტყვებს უფრო ლმობიერად ეპყრობოდნენ.“
1892 წლის “ივერიაში” სტატია კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებები
„ ტფილისის ღამის თავ-შესაფარიდგან თითქმის ყოველ დღე იგზავნებიან კავკასიის ყოველ მხარეს დამშეულნი სამუშაოდ და დასასახლებლად, მაგრამ მაინც კიდევ ბევრნი არიან. ამ დღეებში ტფილისის მეაბანოეებმა სამასს დამშეულ გუბერნიების მცხოვრებელს მუქთად დაუთმეს თავიანთი აბანოები. როგორც შევიტყეთ, ტფილისის პოლიცმეისტერს განზრახვა აქვს პირველი აპრილისათვის დაჰკეტოს დროებით დამშეულთა გუბერნიების მცხოვრებთათვის დაარსებული ღამის თავშესაფარი იმ დრომდე, ვიდრე სამუდამო თავშესაფარს დააარსებდნენ.“
სტატიები - მოპოვებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროსოპოგრაფიული ბაზის ფეისბუკ გვერდიდან.