სამართლიანობის ქალღმერთი
ძველ საბერძნეთში სამართლიანობის, წესრიგის, სამართლისა და მართლმსაჯულების ქალღმერთად თემიდა ითვლებოდა. ძველ რომში სამართლიანობის ღვთაებას- ქალღმერთ იუსტიციას - ეთაყვანებოდნენ. ორივე ქალღმერთს, ძირითადად, ერთნაირი გარეგნობით გამოსახავდნენ ხოლმე ორივე კულტურაში. თანამედროვე მსოფლიოში სამართლიანობისა და მართლმსაჯულების სიმბოლოდ სწორედ თემიდა/იუსტიცია მიიჩნევა. სასამართლოს დარბაზებში ხშირად შეხვდებით ბერძნული ქალღმერთის მცირე გამოსახულებას ან ქანდაკებას. დააკვირდით თემიდას/იუსტიციას სურათს და სიმბოლოებს, რომლებთან ერთადაც, როგორც წესი, მას გამოსახავენ ხოლმე (მაგ.: ხმალი, ახვეული თვალები, სასწორი..). შეეცადეთ, გააანალიზოთ, როგორ უკავშირდება ეს სიმბოლოები სამართლებრივ საკითხებს და მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე ასახავთ სამართლის პრინციპებსა და კანონის უზენაესობის ძირითად მახასიათებლებს.
ესეში/პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- სამართლისა და კანონის უზენაესობის მახასიათებლები მათთან თემიდას სიმბოლიკის კავშირი.
- ბონუსდავალება: თქვენეული ხედვით შექმენით სამართლიანობის ქალღმერთის ესკიზი/ლოგო/სიმბოლო, რომელშიც სიმბოლური სახით ასახავთ სამართლისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
სამართლისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს მე-5 და მე-6 გვერდებს.
დავალების შესრულება გაგიმარტივდებათ, თუ ამომწურავ პასუხებს გასცემთ შემდეგ კითხვებს:
- როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს სამართლიანობის ქალღმერთს თვალები ახვეული? სიმბოლურად რისი გამომხატველი შეიძლება იყოს ეს?
- თქვენი აზრით, რას გამოხატავს სიმბოლურად სასწორი, რომლის ორივე თეფშიც წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება? როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ეს სამართალს, სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას?
- თქვენი აზრით, რას გამოხატავს ხმალი, რომელიც სამართლიანობის ქალღმერთს უჭირავს?
- როგორ ფიქრობთ, რატომ არის სამართლიანობა და მართლმსაჯულება ქალის სახით წარმოდგენილი?
- ილუსტრაციის ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბეთ ის პრინციპები, რომლებსაც, თქვენი აზრით, კანონის უზენაესობა უნდა ემყარებოდეს.
