სამართლებრივი კულტურა ჩემ გარშემო
წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ გამოიკვლიოთ, რამდენად სამართლებრივი კულტურის მქონე საზოგადოებაში ცხოვრობთ (ემორჩილებიან თუ არა ადამიანები დადგენილ წესებსა და კანონებს? რამდენად დაცულია საზოგადობრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში კანონის უზენაესობის პრინციპები? ასრულებენ თუ არა ადამიანები რეალურ ცხოვრებაში მათზე დაკისრებულ მოვალეობებს? და სხვა). ამისათვის კი გადაწყვიტეთ, ერთი კვირის განმავლობაში როგორც სასკოლო სივრცეში, ისე მის გარეთ (სამეგობროში, სამეზობლოში, თქვენს თემში, საზოგადოების ფართო წრეებში, მედიაში, ინტერნეტსივრცეში და სხვა) დააკვირდეთ ადამიანების ქმედებებსა და მიმდინარე მოვლენებს. ყოველ ჯერზე ჩაინიშნეთ ისეთი ქმედება ან მოვლენა, რომელიც, თქვენი აზრით, სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელია. მოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: “სამართლებრივი კულტურა ჩემ გარშემო“.
მოხსენებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- სამართლებრივი კულტურის ამსახველი ქმედებები/მოვლენები;
- მიზეზები, რომელთა გამოც, თქვენი აზრით, ეს მოვლენები და ქმედებები განხორციელდა;
- რეკომენდაცია და დასკვნა თქვენ მიერ აღწერილ ქმედებებთან/მოვლენებთან დაკავშირებით.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
- კომპლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო მასალა შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ადგილას, გზაზე გადასასვლელზე, სკოლაში, ტელევიზიასა და ინტერნეტში;
- თუ საგზაო მოძრაობის შემთხვევამ მიიქცია თქვენი ყურადღება, მოირგეთ პატრულის როლი და ამ როლის მიხედვით შეასრულეთ თქვენი ნამუშევარი. ისაუბრეთ შემთხვევაზე, როგორც პატრულის თანამშრომელმა და რეკომენდაციებიც შესაბამისად გაეცით. თუ სკოლაში მომხდარ მოვლენაზე გაამახვილებთ ყურადღებას, მოირგეთ მასწავლებლის ან დირექტორის როლი; ტელევიზიის შემთხვევაში - ჟურნალისტის ამპლუა და ასე შემდეგ;
- რეკომენდაციის ნაწილში ისაუბრეთ, რას ურჩევდით საზოგადოებას თქვენ მიერ განხილული შემთხვევების/მოვლენების მაგალითზე. თუ ნეგატიური ხასიათის მოვლენები გაქვთ დაფიქსირებული, გაეცით რეკომენდაცია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმავე სიტუაციაში, რომ სამართლებრივი კულტურის მაღალი დონე წარმოაჩინოს. ხოლო, თუ პოზიტიური მოვლენები გაქვთ დაფიქსირებული, აღწერეთ, რა იყო ამ ქმედებებში მისაბაძი და სამართლებრივი კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელი. რეკომენდაციის წერისას შეეცადეთ, თქვენი პასუხები დაასაბუთოთ შესაბამისი კანონით. მაგალითად, თუ სკოლის მოვლენებს აღწერთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსწავლის ქცევის კოდექსი და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი. საგზაო შემთვევებთან დაკავშირებით - საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი და ასე შემდეგ. კანონმდებლობის მოძიებასა და გამოყენებაში სთხოვეთ დახმარება მასწავლებელსა და პოლიციელს.