სკოლის სამართლებრივი კულტურა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია
ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სკოლა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სკოლაში ირღვევა მოსწავლის უფლებები? როგორი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ფაქტს კანონის უზენაესობის ფარგლებში? გაეცანით შემთხვევას და უპასუხეთ კითხვებს.
საქართველოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორმა ყოფილმა მოსწავლემ კუთვნილი წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედლები სასამართლოს ძალით მოიპოვა.
არაერთი განხილვის შემდეგ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალციხის მკვიდრი ორი მოსწავლის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სკოლას ორივე მოსწავლის ოქროს მედალზე წარდგენა დაევალა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ სკოლის დირექტორს მიმართა და უარყოფითად შეფასა მისი საქციელი:
„მოსარჩელეების სასკოლო შეფასება დამრგვალების გარეშე არის 10. ამას მხარეები სადავოდ არ ხდით. სხვისი შეცდომა არ შეიძლება მოსწავლეების დასჯის საფუძველი გახდეს. თქვენი გადაწყვეტილებით ახალგაზრდებს უფრო მკაცრად სჯით, ვიდრე მასწავლებლებს, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს. საფუძველი არ გქონდათ, რომ უარი გეთქვათ წარდგენაზე. დირექტორს არ აქვს უფლება, ვინც უნდა, ის წარადგინოს კანდიდატად. ამ მოსწავლეების წარდგენას კანონი გავალდებულებდათ“.
მოსარჩელე ორი მოსწავლის გარდა, ოქროს მედლის გარეშე ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხი კურსდამთავრებული დარჩა. დირექტორი აპირებს, რომ მოსარჩელეებთან ერთად ოქროს მედალოსანთა კანდიდატებად ისინიც წარადგინოს.
- რა შენიშვნა მიიღო დირექტორმა მოსამართლისაგან?
- რა კავშირი აქვს აღნიშნულ შემთხვევას სამართლებრივ კულტურასთან?
- რა შედეგები იქონია სხვა მოსწავლეებზე ორი მოსწავლის ძალისხმევამ, კანონის ძალით დაეცვათ საკუთარი უფლება?
- განაზოგადეთ ორი მოსწავლის ძალისხმევის შედეგი: რა საზოგადო სარგებელი შეიძლება მოიტანოს ადამიანის ძალისხმევამ კანონის აღსრულებისა და უფლებების დაცვის კუთხით?
წყარო: https://edu.aris.ge/news/skolis-moswavleebma-kutvnili-oqros-medlebi-sasamartlos-gzit-moipoves.html