ნაბიჯი 1:სამართალი და კანონი
ადამიანისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ყოველი წესი კანონის სახით არის დადგენილი. საქართველოში კანონების მიმღები, ანუ საკანონმდებლო ორგანო, არის პარლამენტი. შესაბამისად, კანონი არის პარლამენტის მიერ მიღებული სავალდებულო ქცევის წესი, რომელიც მოქმედებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ გარშემო ყველაფერი კანონით არის დარეგულირებული, ადამიანებს შორის მარტივი ყოველდღიური ურთიერთობებიდან დაწყებული სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებით დამთავრებული. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში პურს ყიდულობთ და პურის სანაცვლოდ თანხას იხდით, ყიდვა-გაყიდვის წესები საქართველოს კანონში - სამოქალაქო კოდექსში - არის ასახული. ის, რომ მოსწავლეთათვის სკოლაში სიარული სავალდებულოა, მოსწავლეებს რომ თვითმმართველობის უფლება აქვთ და სკოლასთან დაკავშირებული სხვა წესები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონშია თავმოყრილი.
სამართალი სახელმწიფოში მოქმედი კანონების ერთობლიობაა. სამართლის არსებობა ქვეყანაში უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან მართვას, ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, წესრიგსა და უსაფრთხოებას. სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მაგალითად: საქართველოში დანაშაულად მიიჩნევა მხოლოდ ის ქმედებები, რომლებიც ასახულია სისხლის სამართლის კოდექსში.
ჩვენ ვახსენეთ, რომ კანონი არის წესი, რომლის შესრულება სავალდებულოა. კანონის მოთხოვნების დარღვევა ან მათი შეუსრულებლობა იწვევს სანქციას. სანქცია არის გარკვეული სახის სასჯელი კანონის დარღვევისათვის. მაგალითად, არსებობს „საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომლის თანახმადაც, ადამიანს შეიძლება დაეკისროს ფულადი ჯარიმა მოძრაობისას საგზაო წესების დარღვევის გამო. კანონდარღვევისათვის სანქცია შეიძლება იყოს ფულადი ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა (იგივე პატიმრობა) და სხვა.
ცნებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს მე-5 და მე-6 გვერდებზე.