სოციალური რეკლამა
თანამედროვე ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როდესაც ზრდასრული ადამიანები, ოჯახის წევრები, მეზობლები ან მეგობრები არასრულწლოვანს ისეთ მოქმედებებში რთავენ, რომლებიც, მიუხედავად საყოფაცხოვრებო ხასიათისა, კანონსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ხშირია ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა: არასრულწლოვნის თამბაქოს ან ალკოჰოლის საყიდლად გაგზავნა, არასრულწლოვნისათვის ავტომობილის თხოვება და სხვა. ადამიანებს უმეტეს შემთხვევებში გააზრებული არა აქვთ არა მხოლოდ ასეთი ქმედებების საშიში შედეგები, არამედ არც ის, რომ კანონს პირდაპირ არღვევენ და ზოგჯერ დანაშაულსაც სჩადიან.
მოამზადეთ სოციალური რეკლამა ისეთ აქტუალურ თემაზე, რომელშიც გამოხატული იქნება სამართალდარღვევა/დანაშაული, რომელსაც ზრდასრულები არასრულწლოვანთან მიმართებით სჩადიან, ისე რომ ხშირად ვერც აცნობიერებენ ამას.
სოციალური რეკლამა უნდა შეიცავდეს:
- მოწოდებას, რომელიც მიუთითებს საზოგადოებაში დამკვიდრებული არასრულწლოვნის მიმართ მანკიერი ქცევის კანონსაწინააღმდეგო ან დანაშაულებრივ ხასიათზე
- კანონის მუხლს, რომელშიც აღწერილია სამართალდარღვევის/დანაშაულის შესახებ
- შესაბამის ვიზუალურ გაფორმებას
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
დავალებისათვის შესაბამის თემატიკაზე დანაშაულების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 150(1)-ე, 151-ე, 171-ე მუხლებში.
სხვა სამართალდარღვევების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე, 155-ე, 156(1)-ე, 170-ე, 170(1)-ე, 172-ე, 181(2)-ე მუხლებში.