არასრულწლოვნის უფლებები სისხლის სამართალში
არასრულწლოვანთა დანაშაული საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა, რომლის შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად სახელმწიფო დონეზე არაერთი რეფორმა ტარდება. ხშირად მოზარდები კანონს არღვევენ დაბალი სოციალური ფონის, არასწორი აღზრდის, განათლების ნაკლებობის, არასათანადო ოჯახური პირობების, ძალადობისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა ხშირია კანონდარღვევის ფაქტები გაუცნობიერებლობის ნიადაგზეც: როდესაც მოზარდმა არ იცის, რომ მისი ქმედება კანონდარღვევად ითვლება და არ ფლობს სათანადო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ კანონმდებლობით მინიჭებული რომელი უფლებებით შეუძლია ისარგებლოს სისხლის სამართლის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
წარმოიდგინე, რომ ხარ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი და დანარჩენ წევრებთან ერთად გადაწყვიტე, სკოლაში წამოიწყო საინფორმაციო კამპანია თემაზე: „არასრულწლოვანი და დანაშაული. ვიცოდეთ ჩვენი უფლებები!“. ამ კამპანიის მიზანია სკოლის დანარჩენ მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება კანონდარღვევის დროს მათ უფლებებთან დაკავშირებით. კამპანიის ფარგლებში, მოამზადე პრეზენტაცია/საინფორმაციო ბროშურა/ბუკლეტი ამავე თემაზე და გაავრცელე სკოლის თემში.
პრეზენტაციაში/საინფორმაციო ბროშურაში/ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინე:
ა) ზოგადი უფლებები, რომლებითაც არასრულწლოვანი პირები (ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, დაზარალებული, მოწმე) სარგებლობენ სისხლის სამართლის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე;
ბ) კონკრეტული უფლებები, რომლებითაც არასრულწლოვანი პირები სარგებლობენ:
1. დაკავების მომენტში;
2. დაკითხვის დროს;
გ) მიზეზები, რომელთა გამოც აუცილებელია არასრულწლოვანმა (ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა, გამართლებულმა, დაზარალებულმა, მოწმემ) თავისი უფლებები იცოდეს.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:
- წაიკითხეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლი არასრულწლოვნის საპროცესო უფლებების გასაცნობად. 34-ე მუხლში შეგიძლიათ ნახოთ არასრულწლოვნის დაკავებასთან დაკავშირებული წესები. 52-ე და 53-ე მუხლებში მოცემულია ინფორმაცია არასრულწლოვნის გამოკითხვის, დაკითხვისა და ჩხრეკის შესახებ.
- არასრულწლოვნის სისხლის სამართლის საპროცესო უფლებების შესახებ უფრო ლაკონიური და გასაგებ ენაზე გადმოცემული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს 41-ე გვერდზე.