დავალება 4 - რეალური შემთხვევის განხილვა ბავშვის უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით
ბექა 13 წლისაა. იგი ზედმეტად გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით - თანდათან უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს მეცადინეობას, უარს ამბობს მეგობრებთან რეალურ ურთიერთობებზე, რადგან ახლად გაჩენილ ვირტუალურ მეგობრებთან თამაშის პროცესში ურთიერთობით კმაყოფილდება და თითქმის მთელ დღეს კომპიუტერის ეკრანთან ატარებს. ამ ფაქტის გამო მშობლები ძალიან შეწუხებული არიან. მათ რამდენჯერმე აუხსნეს ბექას მისი ქცევის საზიანო შედეგები, თუმცა ბექას ქცევა არ შეცვლილა. მშობლებმა გადაწყვიტეს, უფრო მკაცრ ზომებს მიმართონ, ამიტომ ბექას 2 კვირის განმავლობაში აუკრძალეს კომპიუტერის ჩართვა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონიც. გარდა ამისა, სკოლის მასწავლებლები გააფრთხილეს, რომ ბექასთვის არ მიეცათ ისეთი დავალებები, რომელთა შესრულებაც კომპიუტერის გამოყენებას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფიზიკის მასწავლებელმა მშობლებს განუმარტა, რომ გაუჭირდება მათი პირობის შესრულება, რადგან გაკვეთილზე ხშირად იყენებს ვირტუალურ ლაბორატორიას და, გარდა ამისა, მოსწავლეებს აძლევს ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულებაც აუცილებლად მოითხოვს ექსპერიმენტების ჩატარებას ვირტუალურ ლაბორატორიაში. თუმცა, მშობლებმა მკაცრად მოითხოვეს მათ მიერ სკოლისათვის წაყენებული პირობის დაკმაყოფილება, რადგან ამ გზით ისინი შვილის ჯანმრთელობის უფლებას იცავდნენ. სკოლამ გადაწყვიტა, მშობლების მოთხოვნას დათანხმებოდა.
ბექა საშინლად განაწყენებულია მშობლებისა და სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და მათ უსამართლო მოპყრობასა და საკუთარი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
შეისწავლეთ მოცემული შემთხვევა და გააკეთეთ დასკვნები ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ან ბავშვის უფლებათა კოდექსზე დაყრდნობით. შექმენით სტატია/პრეზენტაცია და გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები თანაკლასელებს.
სტატიაში/პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- ბავშვთა ის უფლებები, რომლებიც, შესაძლოა, დაირღვა მოცემულ შემთხვევაში;
- ბავშვის უფლებათა კონვენციის ან კოდექსის კონკრეტული მუხლების მიმოხილვა, რომლებიც ამ საქმესთანაა კავშირში;
- დასკვნა, რომელშიც გამოხატული იქნება ავტორის პოზიცია შემთხვევასთან დაკავშირებით.
კომპლექსური დავალების შესასრულებლად სასარგებლო რჩევები:
- პირველ რიგში, აღწერეთ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ის, რაც ნამდვილად მოხდა;
- შემდეგ იმსჯელეთ იმ პოზიციასა და შეხედულებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც მოქმედებენ მშობლები, ფიზიკის მასწავლებელი, სკოლის დირექცია და ბავშვი;
- განიხილეთ, შემთხვევაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხები რამდენად არის შესაბამისობაში ბავშვის უფლებათა კონვენციასთან ან კოდექსთან. თქვენი მსჯელობა გაამყარეთ კონვენციის/კოდექსის შესაბამისი მუხლებით;
- წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტირებული დასკვნა შემთხვევასთან დაკავშირებით.
