ნაბიჯი 1:ბავშვთა უფლებების დაცვა
წინა სავარჯიშოს შესრულებისას, სავარაუდოდ, გააკეთებდით დასკვნას, რომ „ბავშვის უფლებები“ გულისხმობს ყველაზე უფრო ბაზისურ საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილებაც სამართლიანი და აუცილებელია ბავშვებისათვის. შესაბამისად, ბავშვის უფლებათა კონვენცია წარმოადგნეს ამ უფლებათა ერთობლიობას, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს საყოველთაო შეთანხმება. უფრო ზუსტად კი:
ბავშვის უფლებათა კონვენცია - ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც ადგენს ბავშვთა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ჯანმრთელობის უფლებებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და ბავშვის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში.
კონვენციის მიხედვით, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით სრულწლოვნების ასაკი უფრო ადრე არ მიიღწევა.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებსა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს.
43-ე-54-ე მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.